მოჭიდავის ცემისთვის გეგა გეგეშიძე დააკავეს

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია. მისი დაკავება სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გეგშიძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებში იმყოფება. მასთან ერთად არის მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა. მას ბრალი უკვე წაუყენეს. დაზარალებული მოჭიდავე ფედერაციის პრეზიდენტის და მისი გუნდის გადადგომას ითხოვდა.

გეგეშიძე სამართალდამცველებმა დაკითხვაზე არაერთხელ დაიბარეს, თუმცა ის არ გამოცხადდა. ფაქტის თვითმხილველები დღეს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს, გეგეშიძე კი არც სასამართლოში გამოცხადდა.

მსგავსი თემები