დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილით დაავადებულებთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს იზოლაციისკენ მოუწოდებენ

დიდ ბრიტანეთში, მაიმუნის ყვავილით დაავადებულებთან ახლო კონტაქტში მყოფ და ინფიცირების მაღალი რისკის მქონდე პირებს, 21 დღის იზოლაციაში გატარებისკენ მოუწოდებენ. მათ ასევე ეძლევათ რეკომენდაცია, განსაკუთრებით მოერიდონ იმუნოსუპრესირებულ ადამიანებს, ორსულებს და 12 წლამდე ბავშვებს.

დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მაიმუნის ყვავილის 80-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, ისრაელსა და ავსტრალიაში.

მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც, უმეტესად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ფიქსირდება. დაავადება ადამიანებს შორის მარტივად არ ვრცელდება, გადადება ხდება მხოლოდ ახლო ფიზიკური კონტაქტის დროს, მათ შორის – სექსუალური კავშირით.

ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მიიჩნევა პირი, რომელსაც ჰქონდა ინფიცირებულთან საყოფაცხოვრებო, ან – სექსუალური კონტაქტი.

რაც შეეხება სიმპტომებს, დაინფიცირებულს შესაძლოა აწუხებდეს მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი და გამონაყარი, რომელიც, მოგვიანებით, წყლულებად იქცევა.

მსგავსი თემები