„ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძღოლს მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შეჯახების მომენტში არ იმყოფებოდა, ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. მის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა“ – აცხადებს საქმის პროკურორი.
8 წლის ბავშვის მდგომარეობა კი ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას 5 ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
შემთხვევა კი თბილისის ცენტრში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. 8 წლის ბიჭი საკუთარი სახლის წინ, გაჩერებაზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. ამ დროს, გაჩერებაზე, ტროტუარზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა შევარდა, რომელმაც ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ბრალდებული, 37 წლის დავით ჯალაღონია დაკავებულია, მას პატიმრობა შეუფარდეს.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე დ.ჯ.-მ, რომელიც “BMW“-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დ.ჯ.-ს მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა.