აფრიკის დასახლებაში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ. დაკავებულია. მათ 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.
ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომობილში და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, რომ ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა. პოლიციამ ორივე მათგანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.