მარიხუანის ზემოქმედებაზე მძღოლებს ტესტს, პირველი აპრილიდან ადგილზე ჩაუტარებენ 

  •  

​პირველი აპრილიდან ნარკოტესტის ჩასატარებლად მძღოლის ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება. პატრულის თანამშრომლები სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით შეამოწმებენ ავტომობილის მართვისას მძღოლი იმყოფება თუ არა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა. რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად,  მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა.

იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის.

ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის. მარიხუანას მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის. სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

​კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტისთვის არის გადაგზავნილი.

მსგავსი თემები