ნატო-ს მინისტერიალზე უაღრესად პოზიტიური შეფასებები მივიღეთ – დავით ზალკალიანი

​საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მისამართით კრიტიკული შენიშვნები არ გაკეთებულა, რასაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიც ადასტურებს, რომელიც მან გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე და თავსებადობაზე ნატო-ს სტანდარტებთან ყველა მიმართულებით.

როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, ხელისუფლება ყველა იმ რეკომენდაციაზე მუშაობს, რომელიც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიიღეს.

​დავით ზალკალიანის თქმით, უფრო მეტიც, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველომ უაღრესად პოზიტიური შეფასებები მიიღო, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მინისტრის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ იმავე განცხადებაში, აღნიშნულია, რომ არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა.

“რა თქმა უნდა იყო ხარვეზები, ამ ხარვეზებზე ხელისუფლებას აქვს მყისიერი რეაგირება და პარლამენტის მხრიდანაც გაჟღერდა, რომ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“, – დასძინა მინისტრმა.

მსგავსი თემები