წისქვილკომბინატებმა მუშაობა გააჩერეს“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოში ხორბლის იმპორტი 40%-ით შემცირდა, ხოლო ფქვილის იმპორტზე მოთხოვნა დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა. შედეგად, კი წისქვილ-კომბინატმა მუშაობა გააჩერეს და თუ ასე გაგრძელდა, კრიტიკულ ზღვრამდე შესაძლოა მივიდეთ. აღნიშნული განცხადება „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრი მთავარში” გააკეთა.

როგორც სილაგავა აღნიშნავს, თუ წისქვილკომბინატების გაჩერების პროცესი გაგრძელდა, ადგილობრივი წარმოების ხორბლის გასაღების პრობლემაც შეიქმნება.

„სამწუხაროდ, ყოველ კვირას გვიხდება ახალი ბაჟის გამოცხადება და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არის აღმავალი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გამოიტანს რუსეთიდან ხორბალს, თავისი საბაჟო კავშირის ქვეყნების გარდა, იხდის მცურავ ბაჟს. ჯერ კიდევ როდესაც სეზონი დაიწყო ივლისში, ბაჟი მცურავი იყო. ბაჟი ჯერ კიდევ 25 დოლარის ფარგლებში იყო, ხოლო დღესდღეობით, სამწუხაროდ, ბაჟი უკვე 90 დოლარია. ეს არის ძალიან დიდი სხვაობა სეზონის დასაწყისიდან დღემდე და შესაბამისად, ეს მსოფლიო ბაზარსაც დაეტყო“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მდიაცენტრ მთავარში“.  

მისი ინფორმაციით, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, წისქვილკომბინატები მუშაობას ერთმანეთის მიყოლებით აჩერებენ.

„თუ სეზონის დასაწყისში 240 დოლარი ღირდა ხორბლის შემოტანა, დღეს 350 დოლარი ღირს. შესაბამისად, ეს პრობლემაა, თუმცა აქ უფრო დიდი პრობლემა შეიქმნა წისქვილ-კომბინატებისთვის. სეზონის დასაწყისში, ვიდრე რუსეთი შემოიღებდა მცურავ ბაჟს, გადასახადი ხორბლის და ფქვილის იმპორტზე იყო ნული, ხოლო მცურავი ბაჟის შემოღების შემდეგ ფქვილზე იმპორტის გადასახადი დარჩა ნული, ხოლო ხორბალზე გადასახადი მცურავი ბაჟის შესაბამისად იცვლებოდა. დღეს ფქვილის შემოტანის საიმპორტო ბაჟი არის ნულის ტოლი, ხოლო ხორბლის შემოტანის საიმპორტო ბაჟი არის 90 დოლარის ტოლი. შესაბამისად, ეს დიდი სხვაობა ხორბლის და ფქვილის იმპორტის გადასახადს შორის იწვევს იმას, რომ ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, ხოლო ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ. აქედან გამომდინარე, შედეგი გვაქვს ის, რომ დაახლოებით ათამდე წისქვილ-კომბინატმა გააჩერა მუშაობა და თუ მომდევნო თვეებში ეს ტენდენცია გაგრძელდა სხვა წისქვილ-კომბინატებს პრობლემები შეექმნებათ“, – განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები