„ გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი, შემდეგ რა იქნება, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე დარჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ნეტფლიქსზე“ ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა.

„გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს სავარაუდოდ არ გამოიყენებს, რადგან მას სიცოცხლე უყვარს.

„მე ის მინახავს და მინახავს მისი სიცოცხლის სურვილიც. მას ძალიან უყვარს სიცოცხლე. ის ძალიან გრძელ მაგიდასთანაც ამიტომ ზის. მას „კოვიდის“ თუ რაღაცის ეშინია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას სიკვდილის ეშინია. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მზადაა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ის ხვდება, რომ თუ ის ამ იარაღს გამოიყენებს, მაშინ შემდეგი ნაბიჯი იქნება ნებისმიერი სახელმწიფოსგან გადადგმული პირადად მისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები