„პურთან დაკავშირებით სიტუაცია არ დაიძაბება“- მალხაზ დოლიძე „ მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ – მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ფქვილისა და პურის ფასის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით ფასი სტაბილურია და ცვლილება არ იგეგმება.   

„პროდუქტებში დღეს მდგომარეობა ისეთია, როგორც არასდროს ყოფილა სუბსიდირების შემდეგ ფქვილის მომარაგების სახით. დიამეტრალურად გაიზარდა ფქვილის ექსპორტი, 5-ჯერ და 6-ჯერ გაიზარდა და მეწარმეებს მიეცათ არჩევანის საშუალება როგორც ხარისხში, ასევე ფასში. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, ეს ფაქტია. რაც შეეხება ჟურნალისტების ხშირ კითხვას, თუ რა ეშველება პურის ფასს, ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით, რომ პურის ფასი სტაბილურია ჯერჯერობით“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, სახეზეა, რომ მწარმოებლებს არჩევანის საშუალება გააჩნიათ.

„არ ვიცი, ფქვილის ექსპორტი რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ფაქტი ასეთია, რომ შემოდის ფქვილი და არის არჩევანის საშუალება როგორც ფასში, ასევე ხარისხში და აწარმოებენ მწარმოებლები პურს. როგორც მეწარმე, მესმის, რომ წისქვილი და დიდი წარმოება, როდესაც ხორბალი იფქვება, აქედან 70% პურისთვის არის გათვალისწინებული და 30% მიდის კომბინირებულ საკვებზე და იქ მთელი მრეწველობა დგას ამის უკან, თუმცა მე როგორც ინფორმირებული ვარ, სულ რამოდენიმე დღეში უნდა ჩამოდგეს გემი, რომელმაც უნდა შემოიტანოს ამ საკვებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გარკვეული რაოდენობა კომბინირებული საკვებისათვის გათვალისწინებული მასალა და ალბათ, წისქვილები მიიღებენ ამას და გადაამუშავებენ. რაც შეეხება პურის წარმოებას, გეუბნებით, რომ როგორც არასდროს, დღეს მართლაც არჩევანის საშუალება ფქვილში არის“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები