“ყველა ადამიანი თანასწორია” – ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

2021 წლის ადამიანის უფლებათა კვირეულის მთავარი თემაა თანასწორობა, მთავარი გზავნილი კი – “ყველა ადამიანი თანასწორია”. კვირეულის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა თანასწორობის მნიშვნელობაზე და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე, ამ კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აღნიშნავს, თანასწორობა გულისხმობს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებას, იყვნენ დაცულნი უმრავლესობის მიერ.

„მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ჩვენ ვუბრუნდებით საბაზისო პრინციპს – ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს. თანასწორობა ფუნდამენტური პრინციპია და წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის საფუძველს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს პრინციპი გულისხმობს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს თანასწორი მოპყრობა და ყველას პასუხისმგებლობას, იბრძოლოს ამ უფლებების უზრუნველსაყოფად.

თანასწორობა გულისხმობს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებას, იყვნენ დაცულნი უმრავლესობის მიერ. ეს ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი  შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას. საქართველომ ამ მიმართულებით ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დაუღალავ შრომას მოითხოვს, ადამიანის უფლებათა მაღალი კულტურის ჩამოსაყალიბებლად და მიღწეული შედეგების შესაძლო უკუსვლის თავიდან ასაცილებლად,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები