მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება

სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გამომძიებლისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაზიანებები ვიზუალურადაც ემჩნევა. სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გამომძიებელი კი აცხადებს, რომ დაზიანებები მან ვერ შეამჩნია.

„ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე  გამოკითხვის პროცედურას არ დასწრებია. მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამასთან, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ფოტოგრაფირებაც მოხდა და ასევე მოხდა ფიქსაცია ამ დაზიანებების. რაც ახლა ვიზუალურად ჩანს, მას დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე. თუმცა არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეიძლება ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებები ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მოვითხოვთ სერიოზულ კვლევას. ასევე ამოღებულ იქნა ის ტანსაცმელი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ეცვა გადმოყვანის დროს. ტანსაცმელს ასევე აღენიშნება დაზიანებები“ – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და ექსპერტიზა გვიან ღამემდე გაგრძელდა. პროცედურას დაახლოებით 8 საათი დასჭირდა.

მსგავსი თემები