აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიის შენობისკენ დაიძრნენ

თავისუფლების მოედნიდან აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიის მიმართულებით დაიძრნენ. მათ ნიკა მელიამ მოუწოდა, კანცელარიისკენ გადაენაცვლათ და წრე დაერტყათ.

„ხელისუფლებამ ყურად არ იღო ასი ათასობით თანამოქალაქის პოზიცია და სურვილი, რომ ქვეყანა სიძულვილისა და დაპირისპირების ჭაობიდან ამოეყვანა. ხელისუფლებამ ჯერ არჩევნებით სახელმწიფო მიიტაცა, შემდეგ კი წარმოუდგენელი სიძულვილით აღსავსე ვნებით სურთ, გვაყურებინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარიც არ არის, ჩვენ ხელისუფლება აღარ გვყავს, გვყავს რეჟიმი, რომელიც კრიმანალებითა და ბანდიტებითაა დაკომპლექტებული. გვიგდებენ აბუჩად, ამ ყველაფერს კი თავიანთი ჭკუით, აკეთებენ ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად. არანაირი სამართალი არ გააჩნიათ, როცა უნდათ, ადამიანს იტაცებენ და მიჰყავთ იქ, სადაც უნდათ. აბუჩად გვიგდებენ.

ხელისუფლება ცდილობს, დაგვაშვებინოს იმ ხალხს შეცდომა და პროვოკაცია მოგვიწყონ, რომელთა ემოცია სულ უფრო მატულობს. ამას ემსახურება სააკაშვილის გადაყვანა გლდანში. დღეიდან იწყება ძალიან დიდი, ფართო სახალხო მოძრაობა. არაფერია იმაზე უფრო დიდი ძალის მატარებელი, როგორც ხალხმრავალი, მტკიცე, ერთიანი, უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ის დაიწყო და არ გაჩერდება, ვიდრე არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრი არ უნდა შევიდეს კანცელარიაში. „ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება, დავარტყამთ წრეს“ – განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება კანცელარიის შენობას, სამართალდამცველები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულები.   

მსგავსი თემები