სპორტი ევროპული ინტეგრაციის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა – მამუკა ბახტაძე

თბილისი, ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია – მინისტერიალს მასპინძლობს.  მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები (სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორში” დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში, სპორტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი  და ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა. პირდაპირ თუ ირიბად, სპორტის სფერო უფრო და უფრო უახლოვდება საზოგადოების ცნობიერებასა და ყოველდღიურობას. მას როგორც უნივერსალურ საშუალებას ენიჭება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანთლებლო და კულტურული მნიშვნელობა.

პრემიერის თქმით, საქართველო ცივილიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც ამავე დროს განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით.

„არაერთი კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა. საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი თვალსაზრისით ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთან თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 1999 წლიდან დღემდე თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის სფერო”, – განაცხადა ბახტაძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის.

მინისტერიალის ფარგლებში მიიღებენ რეზოლუციას  “სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ზომების გაძლიერება” და “ადამიანის უფლებათა დაცვა სპორტის სფეროში, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა”.

​ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მიღებული იქნება „თბილისის დეკლარაცია“ – ადამიანის უფლებებისა და სპორტის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ინიციატივით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა.

ღონისძიება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი – 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

მსგავსი თემები