ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება და განმარტავს, რომ ამ ლაბორატორიის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია.
როგორც დავით სერგენკომ, რუსული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებების საპასუხოდ განმარტა, ლუგარის ლაბორატორია არის ერთ-ერთი უმძლავრესი სამედიცინო ცენტრი, რომლის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია, დეტექცია და საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება და არავითარ შემთხვევაში რაიმე ნივთიერებების დამზადება, იქნება ეს ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის.
მინისტრი რუსულ მხარეს მოუწოდებს, დაინტერესებული პირები ჩამოვიდნენ საქართველოში და საკუთარი თვალით ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში
“რამდენიმეჯერ იყო რუსეთის სხვადასხვა წრიდან პოზიცია, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს მოიცავს, ჩვენ მოვიწვიეთ მათი სპეციალისტები და ახლაც შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება მათთვის მიუღებელია და არ დაუშვებენ.