,,მიხეილ სააკაშვილთან პრობლემური ხდება საკითხები, რაც არასდროს ყოფილა პრობლემა სხვა თავისუფლება აღკვეთილ პირებთან დაკავშირებით”- შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მისი თქმით, კვლავ  პრობლემად რჩება  ექსპერტების მოწვევისა და მათი ლიცენზიების გაცემის საკითხი.

„გუშინ გამოთხოვილი სამედიცინო ისტორია ავიღეთ. კლინიკას ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას ვუხდი. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავინდებურად იგივეა, თუმცა, ამ სამედიცინო ისტორიას განახლებული ფორმით გადავცემ საექსპერტო დაწესებულებას და იმედი მაქვს, ეს მათ ექსპერტიზის უფრო სწრაფად ჩატარებაში დაემხარება. ასევე პრობლემად რჩება ამ დრომდე უცხოელი ექსპერტების მოწვევისა და მათი ლიცენზიების გაცემის საკითხი. იმედი გვაქვს, ეს პრობლემაც მოგვარდება და საექსპერტო დაწესებულება შეძლებს, რომ ძალიან ავტორიტეტული, ძალიან კვალიფიციური უცხოელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად საქართველოში მოწვეული იყვნენ. ჩვენ ველოდებით იმას, რომ რამდენიმე პოლიტიკური ძალიდან ეცდებიან ექსპერტიზის დასკვნის დისკრედიტაციას, იმისთვის, რომ ეს მცდელობა იყოს რაც შეიძლება უსუსრი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ საქმეში კვალიფიციური ექსპერტები ჩავართოთ და საექსპერტო დაწესებულების ინტერესიც ბუნებრივია, ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექსპერტი არის ძალიან ავტორიტეტული, ძალიან სანდო და ძალიან პატივსაცემი ადამიანი, საექსპერტო დაწესებულება ზოგჯერ თვლის და აქვს ამის უფლება, რომ სხვა სპეციალისტები მოიწვიოს, მათ შორის, უცხოეთიდან და მათ შორის, ადგილობრივი სამკურნალო დაწესებულებიდან. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ეს არის მხარის უფლება, რომ ექსპერტიზისთვის რაც შეიძლება კარგი და პროფესიონალი სპეციალისტი მოიწვიოს. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიცით, რომ პრობლემური ხდება საკითხები, რაც არასდროს ყოფილა პრობლემა ადრე სხვა თავისუფლება აღკვეთილ პირებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს ამყოფებს გაურკევევლ ტყვეობაში, რის გამოც, ყველა მსგავსი დეტალი დაცვის მხარისთვის სირთულე ხდება“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები