არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” უერთდება, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საზოგადოების შეშფოთებას, იცავს სარალიძის ოჯახის ინტერესებს და აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურისგან მოითხოვენ, ჩანაწერებში ასახული ფაქტების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება, თუ როგორ მოიპოვეს ჩანაწერები და ვინ მიაწოდა ის ტელევიზიებს.
მათი აზრით, არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობა არ იყო შემთხვევით, უბრალოდ მომხდარი დანაშაული.
როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები და საჭიროა ჩანაწერში დასახელებულ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. შეისწავლონ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ჩანაწერში საუბრობს ბრალდებული მირზა სუბელიანი, თუ რა გავლენა და ბერკეტები აქვს მას გამოძიებაზე.
“აუდიოჩანაწერში მოვისმინეთ მთელი რიგი ინფორმაცია სხვადასხვა დანაშაულების შესახებ, საჭიროა რეაგირება, თუმცა “ადამიანის უფლებათა ცენტრი” დღეს, ხორავას ქუჩასთან დაკავშირებით არსებულ გარემოებებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ჩანაწერშია ნახსენები. მირზა სუბელიანი გამოძიების დაწყებისთანავე ნეგატიურ გავლენას ახდენდა გამოძიებაზე და ამ ჩანაწერებით ეს ინფორმაცია კიდევ უფრო გამყარდა. ზაზა სარალიძეც სწორედ ამაზე ამახვილებდა ყურადღებას, ამას მოყვა მთავარ პროკურორ შოთაძის გადადგომა, ამის მიუხედავად სუბელიანი დღეს დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. მკვლელი არ არის დასჯილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას გამოძიებაზე გავლენა ჰქოდნა“, – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ სუბელიანს აქვს ხელისუფლების მაკომპრომიტირებელი მტკიცებულებები, მათ შორის შს ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე, ეს აძლევდა მას საშუალებას დაეშანტაჟებინა ხელისუფლება. საზოგადოებაში არსებობს კითხვები, თუ საიდან ჰქონდა მას ასეთი გავლენა და რატომ უწევენ მას ანგარიშს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკლვლელობის საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი დავით სარალიძეა, დანაშაულის შეუყობინებლობის მუხლით დაკავებულია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი. ამ დღეებში გავრცელდა სუბელიანის საუბრის ფარული ჩანაწერები, სადაც ის, სავარაუდოდ ჰყვება, რომ “ქართული ოცნების” უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული. კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.. მთავარი პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჩანაწერზე ავთენტიკურობის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდება.
გამოძიება პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და ჩანაწერის უკანონოდ შენახვის მუხლით მიმდინარეობს.