პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების მისამართით არასდროს გამოუყენებია სიძულვილის გამომხატველი სიტყვები, რადგან მიაჩნია, რომ ქართული კულტურა ზრდილობით იწყება.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, პოლიტიკურ კრიტიკას ხშირად მიმართავს, რაც ბუნებრივი და აზრთა სხვადასხვაობისთვის აუცილებელიც. თუმცა პრეზიდენტის ვალდებულებაა, თუ მას ქვეყნის გაძლიერება და გაერთიანება სურს, ახალგაზრდებისთვის იყოს მაგალითის მიმცემი.
“გამთლიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია თუ ვერ შევთანხმდებით, რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ, სულიერად არ მოვკლათ. მე ვიქნები ყველა მოქალაქის და არა რომელიმე ჯგუფის პრეზიდენტი. სხვა თანამედროვე და ცივილური ფორმა ქვეყნის მართვისა არ არსებობს, თუ მის სათავეში არ არის ადამიანი, რომელიც ამის მაგალითის მომცემი შეიძლება იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა იმაზეც ისაუბრა, თუ თავად როდის ეზიარა ქართულ კულტურასა და ფოლკლორს. ეს იყო 1986 წელს, როდესაც თავის ისტორიულ სამშობლოში პირველად ჩამოვიდა და ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად ქვეყნის რეგიონები მოიარეს.
“მაშინ პირველად ვეზიარე საქართველოს კულტურას – იმას, რაზეც მანამდე გადმოცემით ვიცოდი”, – აცხადებს ქართველი ემიგრანტების შთამომავალი სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონები თითქმის დაცლილია და საჭიროა ხელისუფლებამ ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული პირობები შეუქმნას.
“გარკვეული ზომები უკვე მიღებულია, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რომ დაცლის ტალღა შევამციროთ. მე, როგორც ქვეყანაში დაბრუნების სიმბოლო, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მთაში ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა. საქართველო დღემდე პირადი ინიციატივით მოვიდა – ადამიანებით, რომლებმაც იციან, როგორ აკეთონ საქმე და ემსახურონ ქვეყანას. მე ვიქნები ნოვატორების გვერდით, იმ ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც ინიციატივებს გამოიჩენენ, აიღებენ პასუხისმგებლობას სხვადასხვა საქმეზე”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.