სუბელიანის ფარულად ჩაწერა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს აიძულეს – მთავარი პროკურატურა  

მთავარი პროკურატურაში, ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულის, პროკურატური ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე განმარტებას აკეთებენ და აცხადებენ, რომ ჩანაწერზე ავთენტიკურობის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდება​.

​როგორც უწყებაში განმარტავენ, აუდიოჩანაწერზე გამოძიება პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და ჩანაწერის უკანონოდ შენახვის მუხლით, 2 დღით ადრე, 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, სანამ ის მედიასაშუალების ეთერში გავიდოდა. აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებენ მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც.

​მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი და ზემოქმედება: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით. მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. ი.პ -სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა.

“გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

იმავდროულად, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით სუბელიანი ორ პირს ესაუბრება, საიდანაც ერთი უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეა.

მსგავსი თემები