თბილისში კიდევ ერთი ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა. ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის დასახლებაში, 3247 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ცენტრი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 1 500-მდე მომხმარებელს მოემსახურება. სპორტული კომპლექსი მოიცავს ჭიდაობის დარბაზს, კრივის რინგს, ორ საცურაო აუზს (დიდი – 25 მ.პატარა – 15 მ), ფიტნეს-დარბაზს, გასახდელებსა და სველ წერტილებს, კაფესა და სპორტულ მაღაზიას მოიცავს. ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები.
ახალი სპორტული ცენტრი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ნაძალადევის რაიონში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„სახელმწიფომ, მუნიციპალიტეტებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, რათა აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობა და განვითარება მოხდეს. კონკრეტულ რაიონებსა და უბნებში მსგავსი ტიპის კომპლექსები ძალიან მნიშვნელოვანია. ის მულტიფუნქციური კომპლექსები, რომელთა გახსნასაც მომავალი წლიდან ვგეგმავთ, კიდევ უფრო მასშტაბური და უფრო მეტი დატვირთვის იქნება. ვფიქრობ, ეს მიდგომა სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის აუცილებელია. აღნიშნულ პროცესში თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაერთოს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ გააჩნია“, – აცხადებს კახა კალაძე.
სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად.
სპორტული კომპლექსის გახსნას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.