სამუშაო ადგილები საპენსიო ასაკს მიღწეულთათვისაც არსებობს – ელგუჯა მელაძე

  •  

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტ ელგუჯა მელაძე საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეებისთვისაც არსებობს, მაგრამ მათ სჭირდებათ პროფესიული გადამზადება. გარდა ამისა, არსებობს ახალი პროფესიები, რომლებზეც შრომის თანამედროვე ბაზარზე მაღალი მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მოქალაქეებს ამ პროფესიების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ აქვთ.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს ელგუჯა მელაძემ განაცხადა, ​ ​პროფესიულ განათლებაზე საუბრისას სამწუხაროდ ხშირად მხოლოდ ახალგაზრდების გადამზადებას გულისხმობენ, თუმცა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არის პოლიტიკა, გადაამზადონ ხანდაზმულობის ასაკის მოქალაქეები, ჩაუტარონ ტრენინგები. “ეს აუციკლებელი პრაქტიკაა, არა მხოლოდ იმისთვის, რომ სამუშაოს მაძიებლები მოვარგოთ ბაზრის მოთხოვნებს და მოსახლეობა დავაკმაყოფილოთ სამუშაო ადგილებით, არამედ ეს საჭიროა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ გარკვეულ სამუშაო ადგილზე და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი ზრუნავს მათ გადამზადებაზე”, – აცხადებს იგი.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტ​ის ინფორმაციით, პრობლემაა ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის ახალგაზრდებისთვის მიწოდების თვალსაზრისითაც. მათ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ სწორად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი პროფესია. ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი საწარმო პრაქტიკა. მეორე მხრივ, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, ისინი, რომლებმაც მიიღეს განათლება 20-30 წლის და ფიქრობენ, რომ დღეს მათთვის სამუშაო ადგილი არ არსებობს. “ყველასთვის არის სამუშაო ადგილი, მაგრამ საჭიროა შესაბამისი გადამზადება”, – აცხადებს ელგუჯა მელაძე.

მისივე თქმით, ხშირად ხდება, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო რეგულაციებს იღებენ, მაგრამ შრომის შიდა ბაზარზე სათანადო პროფესიული კადრები არ არსებობს. კერძოდ, ამოქმედდა შრომითი უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის შესახებ კანონები, მაგრამ არ არიან სპეციალისტები.​

“კომპანიები გვთხოვენ დავეხმაროთ, ისინი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად ითხოვენ კადრებს, მაგრამ ხშირად ჩვენ არ გვყავს ასეთი სპეციალისტები. შრომითი უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ კანონების მიღებამ ქვეყანაში, ამ პროფესიებზე მოთხოვნა გააჩინა, მაგრამ ეს კანონი არ მოდის თანხვედრაში შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან. შეგიძლიათ ნახოთ გამოცხადებული ვაკანსიები. ეს არის ის მაგალითი, რომლითაც ვრწმუნდებით, რომ განათლების სისტემა უნდა იყოს კარგად პროგნოზირებადი და ორიენტირებული ბიზნესის მოთხოვნებზე. საბედნიეროდ დიალოგი მიმდინარეობს”, – აცხადებს ელგუჯა მელაძე.

მსგავსი თემები