,,სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გაჯანსაღდეს, სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესია, რაც შეიძლება დამძიმდეს”- შალვა პაპუაშვილი

,,სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გაჯანსაღდეს, დაბრუნდეს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოიხადოს სასჯელი, ხოლო სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესია, რაც შეიძლება დამძიმდეს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრების ინტერესი სახელმწიფოს ინტერესს არ ემთხვევა.

“ჩვენ მოვისმენთ გუშინ “ვივამედის” დირექტორის ინფორმაცია, რომ არ თანამშრომლობს მიხეილ სააკაშვილი ექიმებთან. მოვისმინეთ და ვნახეთ, მათ შორის, რომ არის უხეში ძალადობის ფაქტებიც ექიმების მიმართ, ის, რომ რაც ექიმების მხრიდან არის მოწოდებები, არ ემორჩილება და ასეთი სახის ქმედებები (შიმშილობა) და მათ შორის, განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოს მხარეს, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდეს იმედი, დაიმძიმოს თავი იმისთვის, რომ რაღაცნაირად შექმნას პირობა მისთვის სასჯელის გადავადებისთვის. ჩვენ ვნახეთ გუშინ “ვივამედის” კლინიკის განცხადება და ფაქტობრივად, ასეც არის, ისეთი მდგომარეობაა, რომ ექიმების ინტერესი გააჯანსაღონ სააკაშვილი და სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესი, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ის იმისთვის, რომ რამენაირად იქნებ შექმნან პირობა სასჯელის გადავადებისთვის, ეს ორი ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა და გარკვეულწილად დილემის და გამოუვალ მდგომარეობაშია თავად კლინიკაც, რადგან მთელი ინტერესი სააკაშვილის და მისი გარემოცვის არის, რომ რამენაირად დამძიმდეს ის.

ასეთი სახის ქმედებები, ისევე როგორც განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე, უქმნის მიხეილ სააკაშვილს იმის შთაბეჭდილებას, რომ გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან საკუთარ ჯანმრთელობაზე და გარკვეულწილად, არის წახალისება მისი ქმედების.

მთელი პრობლემა არის, რომ სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესი შიგნით და გარეთ არის ის, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს, რაც უფრო მეტად დამძიმდება მისი მდგომარეობა, ფიქრობენ, რომ უფრო მეტად შექმნიან გარემოებას, სასამართლომ იმსჯელოს სასჯელის გადავადებაზე. ხოლო კლინიკის და სახელმწიფოს ინტერესია, ის რაც შეიძლება უფრო სწრაფად გაჯანსაღდეს და მოძლიერდეს, სააკაშვილის და მისი მეგობრების და სახელმწიფოს ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა. სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გაჯანსაღდეს, დაბრუნდეს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოიხადოს სასჯელი, ხოლო სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესია, რაც შეიძლება დამძიმდეს, რომ რაიმენაირად მისცენ სასამართლოს ამის პირობა,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები