მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს 7 და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდებულები მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის პირობით მათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 52 მოქალაქესთან გააფორმეს. გ.ძ.-მ შუამავლების ს.გ.-ს და ე.გ.-ს მეშვეობით, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს ის ბინები წარმოადგენდა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, სინამდვილეში კი იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თბილისში მდებარე მშენებარე კორპუსის ბინები.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდებულები ამგვარად მოტყუებით და თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ, ჯამში 2 186 031,09 ლარს და პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს.
გ.ძ.-ს და ს.გ.-ს 51 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 1 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, ხოლო ე.გ.-ს 13 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით. სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ.