„ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, ეს არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდიდან მოლაპარაკება და კომუნიკაცია ნიკანორ მელიასთან არავის ჰქონია და მან მოიტყუა.

„რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა – მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივებს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მათ მოლაპარაკებას ხვალისთვის სთავაზობს.  

მსგავსი თემები