“როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით!” – სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში წასული ან იქ დაბადებული ქართველი ახალგაზრდების ბედი და მომავალი სამშობლოსთან არის დაკავშირებული, ამიტომ მოუწოდებს მათ, არ დაივიწყონ ქართული ენა და საქართველოში დაბრუნდნენ.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მშობლიურ ენაზე მისი საუბარი ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ამის მიუხედავად ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდება და ამით მაგალითს მისცემს ქართველ ემიგრანტებს.

„მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის, თურმე დასაწუნია, რასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ცხადია, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი საფეხურები საქართველოში და როგორიც არის ისეთი არის, თუმცა, მე ჩემ თავზე ბევრი ვიმუშავე, ზოგიერთისთვის ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მე აქედან მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ, იქ არიან ან დაბადებულნი ან წასული, იქ ცხოვრობენ და მუშაობენ, მათი ბედი და მომავალი ჩვენს ქვეყანასთან არის დაკავშირებული, მათ მინდა ვუთხრა, რომ ამას ნუ შეუშინდებით, თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ! და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით! ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის. მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ქუთაისში იმყოფება და მოსახლეობას ხვდება.

“მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი – ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა. პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა, რომ აღარასოდეს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში ყველა მიმართულებით დავკარგეთ ტერიტორიები. ასევე, მოვდივარ იმისთვის, რომ ხელახლა, რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით“, – აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი და დასძენს, რომ დროა საქართველო XXI საუკუნეში გადავიდეს, რადგან „ჯერ კიდევ სადღაც შუაშია გაჩხერილი“.

მსგავსი თემები