ცოლის დის გაუპატიურების ორ ეპიზოდზე პროკურატურამ ყაზახეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

26 წლის აისელ აიტპაევას გაუპატიურების ფაქტთან დაკაშირებით, საქართველოს პროკურატურამ ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა.

„მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საუბარია გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი აისელ აიტპაევას დის ქმარზე, რომელმაც საქართველო უკვე დატოვა. გოგონას გაუპატიურების და ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ასევე დაკავებულია 57 წლის ბესიკ თორდუა.   

მსგავსი თემები