“სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არასდროს ვყოფილვარ – თეა წულუკიანმა თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს” – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი იყო.

როგორც ხოჯევანიშვილმა ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება.

„ჩემი საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი. მინდა, თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

მსგავსი თემები