„დასავლეთის დახმარება არ არის უპირობო“ – ლიეტუვის სეიმის წევრი

​ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინიშნებას აკეთებს და აცხადებს, რომ დახმარება, რომელსაც საქართველო დსავლეთიდან იღებს უპირობო არ არის.  

აღნიშნული განცხადება საქართველოში მყოფმა სეიმის წევრმა ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრამდე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის შეშფოთების საგანი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის. ჩვენ გვქონდა შეთანხმება ხელმოწერილი ბევრი პარტიის მიერ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ, რაც არის ერთგვარი საგზაო რუკა საქართველოსთვის, რომ მოხდეს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისკენ წინსვლა. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება შესრულდება პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ“ – აღნიშნა სეიმის წევრმა.  

მან არ გამორიცხა, დასავლეთის დახმარების გადახედვა მოხდეს.

„არის გარკვეული საუბარი, რომ შესაძლოა, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ გავხადოთ საქართველოს მიმართ ჩვენი დახმარება პირობითობაზე დამყარებული, რომელიც დაეფუძნება რეფორმების შესრულებას. მაგალითად, თუ საქართველო არ ატარებს დაპირებულ რეფორმებს სასამართლო სისტემის მიმართულებით, რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენ ეს რეფორმები. ასე რომ, ჩვენ ახლა ვახდენთ ჩვენი პოლიტიკის იმგვარად ფორმულირებას, რომელიც იქნება სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენი დახმარება არ არის უპირობო“ – განმარტა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით შეთანხმებული დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.  

მსგავსი თემები