„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება“ – ევროპარლამენტარები

სამი ევროპარლამენტარი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, გადაწყვეტილება შეცვალოს. როგორც მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერის და ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში ვკითხულობთ, იმედგაცრუებულები და გაკვირვებულები არიან.

ევროპარლამენტარები  მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაში დემოკრატიული გზის საწინააღმდეგო ნაბიჯებს ხედავენ.  

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება. ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის მხარდაჭერით, მათ შორის ჟან მონეს დიალოგი, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის წარუმატებლობით ისარგებლებს მხოლოდ ის, ვინც ეწინააღმდეგება მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით,  შარლ მიშელის ძალისხმევით შექმნილმა დოკუმენტმა, ხელმოწერიდან 100 დღის თავზე  თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. აქედან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

მსგავსი თემები