„თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროკავშირის იმედი“- შარლ მიშელი

  •  

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას უნდა ჰქონდეს ევროკავშირის იმედი. „მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი“ – მიმართა მან სამივე ქვეყნის პრეზიდენტს.

მისივე განცხადებით, სამივე ქვეყანა ძალიან კარგად უნდა მოემზადოს სამიტისთვის, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

„დეკემბერში გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ვფიქრობ, არის გარკვეული პრიორიტეტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ სამიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს იყოს სამიტი კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ყველა ჩვენი მოქალაქის სასარგებლოდ. პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ, მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები. ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ;

მეორე – კავშირი უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში;

მესამე – საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

„ასოცირებული ტრიოს“ – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სახელმწიფოს პრეზიდენტებმა, ბათუმში, პეტრას ციხესთან  ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

მსგავსი თემები