5 ივლისს, მედიაზე განხორციელებული ძალადობისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ საწინააღმდეგო აქციაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.

„ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა, 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, რომელმაც „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“ – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები