ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, შს მინისტრის განცხადებით საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ რეგიონში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა იყო.
ვახტანგ გომელაურმა იმ მიზეზით, რომ შესაძლოა მოლაპარაკების პროცესი დაზიანდეს, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ზაზა გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად.
“ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ჩართულია ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ამ ადამიანს და მალე დაუბრუნდება ოჯახს. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, შეიძლება ჩემმა ღიად საუბარმა მოლაპარაკების პროცესი დააზიანოს და ჩაშალოს. ჩართულია საპატრიარქო, მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.