“მესამე ტალღის პიკმა გადაიარა, ვერ ვახერხებთ  შემთხვევების რაოდენობისას დრამატულად შემცირებას” – თენგიზ ცერცვაძე  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია დასრულდება.

,,პრაქტიკულად შეზღუდვები აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ „კომენდანტის საათი,“ ისიც რამდენიმე საათით. ბოლოს მოიხსნა შაბათ-კვირას რესტორნებში არსებული შეზღუდვა. ბუნებრივია, ამ პირობებში კარგი ეპიდსიტუაციის შენარჩუნება იოლი არ არის, ორჯერ უფრო რთულია. ამიტომ, მართალია, მესამე ტალღის პიკმა გადაიარა, ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ დრამატულ შემცირებას შემთხვევების რაოდენობისას. ეს ჯერ არ იძლევა სრული სიმშვიდის საშუალებას“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინირებულთა რიცხვიც არ არის მაღალი.

„ყოველდღე ვცრით 5000 ადამიანს. დღეისთვის გვაქვს 180 000-მდე ვაქცინაცია და სრულად ვაქცინირებულია 40 000-მდე ადამიანი. ეს ჯერ ძალიან ცოტაა. მგონია, რომ შემთხვევების შემდგომ ზრდას არ უნდა ველოდეთ, ივლისისთვის უნდა ველოდეთ შემთხვევების კლებას. თან,  ივლისის დასაწყისში შემოვა შეუზღუდავი რაოდენობით ვაქცინები და ქვეყანა შეძლებს საყოველთაო ვაქცინაციაზე გადასვლას. თუ დღეს ვცრით 5000 ადამიანს, ივლისიდან დღეში უნდა აიცრას 15 000-მდე ადამიანი, მხოლოდ ასეთ პირობებში შევძლებთ, რომ წლის ბოლოსთვის აცრილი გვყავდეს მოსახლეობის 65%“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები