„შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან“ – ნიკა მელია უმრავლესობას

„ამ დარბაზში მყოფთა დიდმა ნაწილმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღეთ მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასასმელად“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში სწორედ იმისთვის შევიდა, რომ უმრავლესობის თითოეული დეპუტატ სათითაოდ გაიყვანოს გარეთ.

„მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო ნოტარიალურ კანტორად აქცია, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ეს ტრიბუნა მისთვის ემოციურია და საკმაოდ დისკომფორტს უქმნის ამ დარბაზიდან სიტყვით გამოსვლა.

„ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს. ეს რომ სხვაგვარად იყოს გასაკვირი იქნებოდა, ვინაიდან, ამ დარბაზში მყოფთა დიდმა ნაწილმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღეთ მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმაში,  ჩემი აზრით, თქვენთვისაც კი ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაში. თუმცა, ჩემი თქვენგან დასაჭერად გადადებულის დისკომფორტი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა დისკომფორტს განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და რას გრძნობს ჩვენი ხალხი, რომელიც იძულებულია დღეს ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს“ – განაცხადა მან საპარლამენტო ტრიბუნიდან.  

მელიამ ისიც ახსნა, რატომ იმყოფება დღეს საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში.

„ერთადერთი, რის გამოც დღეს მე აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში, რაც შეიძლება მცირე დოზით, ნაკლებად დაგაფრთხოთ. ამ დარბაზის დატოვებას ვაპირებ მე თქვენთან ერთად. მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი ვინც დღეს აქ ხართ სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი“ – განმარტა მან.

მსგავსი თემები