“გახარიამ გუშინ იცრუა, მისი ყოველი გამოსვლა ტყუილებით აღსავსეა” – ბადრი ჯაფარიძე

  •  

ამ ადამიანის ყოველი გამოსვლა ტყუილებით და სიცრუით აღსავსეა. მინდა, მოგიწოდოთ, რომ მისი თითოეული გამოსვლის შემდეგ დააფიქსიროთ, რამდენ ტყუილს ამბობს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, გუშინ გახარიამ სამარცხვინო განცხადებები გააკეთა.

„გუშინ მან იცრუა მთელი რიგი მიმართულებებით. სინანული მაინც ჰქონდეს ადამიანს. როდესაც რაღაც შეცდომას დაუშვებ, პირველი ნაბიჯი სინანულია. ჩვენ ვერანაირი მსგავსი რამ ვერ შევატყვეთ გუშინ გახარიას, პირიქით, ურცხვად ამართლებს თავის მოქმედებას 20 ივნისთან დაკავშირებით. ამბობს, რომ დარბევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, თითქოს, მას არ უბრძანეს. მიიჩნევს, რომ სწორი იყო ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური დევნა. ჩვენ მიმართ წარმოებულ პოლიტიკურ დევნაზე თურმე ახლა გამოძიება მიმდინარეობს. დააკვირდით მის ამ ჩანაწერს. იმის ნაცვლად, რომ მთელმა დასავლურმა სამყარომ აღიარა, რომ ჩვენ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის პოლიტიკური დევნა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, გახარიამ თქვა, რომ თურმე გამოძიება მიმდინარეობს.

სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ. წერილთან დაკავშირებით ის ყოველთვის უარყოფს ამ წერილს. მის მიერ ამის აღიარება, როგორც ჩანს, მიაჩნია თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულად. ის ყოველთვის უარყოფს სიმართლეს. სიმართლე არის ერთი. ვერც ერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც რაიმე განსხვავებული მეთქვას. წერილი იყო გადმოცემული მის მიერ ჩემთვის. შემდეგ მე და მამუკა ხაზარაძემ ის წერილი ერთად განვიხილეთ. მე გადმომცა პირადად. სიცრუეა, რაც მან გუშინ განაცხადა, თითქოს, ჩვენ სადღაც განსხვავებულ რამეს ვამბობდით, არადა, განსხვავებული რამ ჩვენ არ გვითქვამს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები