“19 აპრილის შეთანხმება არის საგზაო რუკა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმებისთვის” – კარლ ჰარცელი

თბილისში ევროკავშირის “სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა  მართლმსაჯულების რეფორმის გატარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ასახულია ის ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

მისი თქმით, მართლმსაჯულების მიმართ უნდა განმტკიცდეს ნდობა, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

“მართლმსაჯულების სექტორში ეს კონკრეტული პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ბევრი შედეგია, რაც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს, მაგრამ უდაოდ, ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაში არის ასახული ის ძირითადი საკითხები, რომელზეც მუშაობა აუცილებელია, რადგან, ეს შეთანხმება არის ის საგზაო რუკა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმებისთვის.

აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების მიმართ განმტკიცდეს ნდობა, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ის ფაქტი, რომ საარჩევნო რეფორმაზე დოკუმენტი გაგზავნილია ვენეციის კომისიის დასკვნისთვის, უდაოდ კარგი საფუძველია რომ ჩვენ მივიღოთ დახვეწილი დოკუმენტი.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებითაც იმედი მაქვს, რომ მხარეების მიერ იგივე სულისკვეთება იქნება გაზიარებული. აქ იგულისხმება ყველა მხარის ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ გაზიარებული იქნება 19 აპრილის შეთანხმების აზრი და მოხდება მისი სრულყოფილად რეალიზება. ზოგადად, მართლმსაჯულების ძირითადი თემა არის სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის საკითხი. ნდობა შედგება სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებისგან. იმისთვის, რომ ნდობა იყოს სიღრმისეული, აუცილებელია იყოს გამჭვირვალობა,“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი ამბობს, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც სასამართლო სისტემაში პრობლემები არ აქვს და გამონაკლისი არც საქართველოა. მისი თქმით, აუცილებელია, სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან.

“ეს არის ის პროექტები, რომელიც ევროკავშირის ქოლგის ქვეშ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მიმართულებით იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ქვეყანაშია. საკმაოდ დიდი ხანია ამაზე ვმუშაობდით და საბოლოოდ, დასასრულისკენ მივედით. ამ საქმეში ხელი პანდემიამ შეგვიშალა.

ჩვენ გვიწევდა შეხება მოსამართლეებთან, პროკურორებთან, გამოძიებასთან. მედიატორების ცოდნის განვითარებასთან, სოც მუშაკებთან. ვახორციელებდით მოსამართლეების და პროკურორების ტრენინგს იმისთვის, რომ მათ შემდგომში საკუთარი სამუშაო ახალი გზით შეესრულებინათ.

ჩვენ გვქონდა შეხება უმაღლეს სასამართლოსთან, იუსტიციის სკოლასთან. დრო მიფრინავს და სასამართლო სისტემის განვითარების პროცესი არ უნდა გაჩერდეს. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება. გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას.

არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სასამართლო სისტემაში პრობლემები. არც საქართველოა გამონაკლისი. არსებობს პრობლემები, რადგან საუკუნეზე მეტია სასამართლო სისტემა თავისუფალი არ არის, ამიტომ, ძალიან რთულია ასეთ გარემოში ვინმემ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. აუცილებელია, საქართველოს სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს მთავრობს და პოლიტიკური გავლენებისგან,“ – ამბობს  რენატე ვინტერი.

მსგავსი თემები