დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებშიც ჩაერევა, ეს უკრაინელ პარტნიორებთან განხილვის თემა ისევ გახდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანი  განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებშიც ჩაერევა, ეს უკრაინელ პარტნიორებთან განხილვის თემა ისევ გახდება. ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილის გამო უკრაინიდან გამოწვეული ელჩი სამუშაო პროცესს უკვე დაუბრუნდა და ის დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის დელეგაციასთან შეხვედრებისას ესწრებოდა. ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეგობარმა ქვეყანამ, საქართველოს კანონმდებლობას პატივი სცეს.

„ელჩი დაბრუნდა კიევში და შეუდგა საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას. ახლა ის დელეგაციასთან ერთად არის და ესწრებოდა შეხვედრებს. ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა კარგად იციან ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას და კანონებს. როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს ეს ვუთხარით. ეს არის ნაბიჯი, რომელიც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში. მას შემდეგ, რაც ელჩი გამოწვეული იყო, ჩვენ ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა და კონტაქტი. მე ვიყავი მუდმივად კონტაქტზე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, გვქონდა სატელეფონო საუბრები, მიმოწერა, ვხვდებოდით ერთმანეთს სხვადასხვა ფორმატში და ვმსჯელობდით იმაზე, როგორ გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან. ელჩი დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები მზარდი დინამიზმით განვითარდება.

უკრაინის პრემიერმაც გააკეთა მედიასთან განცხადება, რომ მათი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში, მას არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ის თანამდებობა, როგორსაც ცდილობდნენ რომ წარმოეჩინათ, აქვს მხოლოდ მრჩევლის ფუნქცია. ჩვენთვის მთავარია არ იყოს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა.

თუ ის ჩაერთვება თვითმმართველობის არჩევნებში, ამას ჩვენ განვიხილავთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ჩვენს სახელმწიფოებრიობას”,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილი მათ კონსულტაციებს უწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე.

„ის უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და კონსულტაციებს გვიწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი თემები