„განვიხილეთ და შევთანხმდით“ – რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა  

„პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, ამ ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.  

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან. ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში ჩვენ განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს.

„მოგეხსენებათ, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს. ასევე განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სტრატეგიული დონის საბჭოს შემდეგი შეხვედრა წელსვე გაიმართება, რომელზეც განვიხილავთ უკვე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე დავისახეთ მიზნად, რომ სავაჭრო ბრუნვა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს, სავაჭრო ბრუნვა უახლოეს რამდენიმე წელიწადში 3 მლრდ დოლარამდე ავიდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო თანამშრომლობა და ბრუნვა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთვის,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში განიხილება სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა საკითხები.

მსგავსი თემები