დმანისში მომხდარ დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს  ინფორმაციას, რომ დმანისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

„დაკავებულია რამდენიმე პირი.  საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება. ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა“, – განმარტა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, დმანისში ეთნიკურად ქართველები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდნენ. ამ წუთებში ვითარება შედარებით განმუხტულია, თუმცა, დაკავებულთა მხარდამჭერები პოლიციის შენობასთან იმყოფებიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

მეორე მხრივ, დამნაშავეების დასჯას ითხოვენ ადგილზე მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები, რომლებიც აცხადებენ, რომ დმანისში ხშირად ხდება რეკეტი.   

დაპირისპირების მიზეზი სწორედ მაღაზიაში მომხდარი ჩხუბი გახდა. კერძოდ, ლუდის ვალად წაღების მცდელობა, რაზეც გამყიდველმა მყიდველ ახალგაზრდებს უარი უთხრა.

მსგავსი თემები