„ამხელა მასის კონტროლი ვერ მოხდა და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა“ – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლნისში იმდენად რთული სიტუაცია შეიქმნა, ამხელა მასის კონტროლი ოპერატიულად ვერ მოხერხდა.

„ცუდი სიტუაცია იყო. რა თქმა უნდა, ხალხი ძალიან სწრაფად შეიკრიბა და სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა, ეს ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამხელა მასის კონტროლი ვერ მოხდა და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში. ამიტომ, ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და ამ კონფლიქტის გაჩერება“, – განაცხადა ბოლნისში ჩასულმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან.

როგორც მინისტრმა განმარტა, არ მოხდება, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ეთნიკურ ჭრილში გადავიდეს.

„ამ თემას არ დავუშვებთ, არც ერთ შემთხვევაში. ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები არიან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეზობელია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ, ეს არის ქვეყნის მტრობა პირდაპირ რომ ვთქვათ, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა“, – განმარტა მინისტრმა.

მსგავსი თემები