“სრულფასოვანი ვარ ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს” – გიორგი კეკელიძე 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისობის დღესასწაულისთვის ტრადიციულად ემზადება. ღონისძიებები 16 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეული გაიხსნება გიორგი ვარსიმაშვილისა და ვახტანგ კუნცევ გაბაშვილის, თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენით.
გაიმართება ​დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის ტრიოს კონცერტი „თბილისური მელოდიები“. 

​გამოფენის პარალელურად მოეწყობა თბილისის ფოტოკოლაჟის ვიდეო პროექცია. თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს” ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო. ერთი ექიმს, პოლიტიკოსსა და პუბლიცისტს, ფრიდონ საყვარელიძეს მიეძღვნება, ხოლო მეორე  მომღერალი ექიმების, ზურაბ და იფიგენია ჩიქოვანების ოჯახს.  
19 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის დარბაზში დაინტერესებულ საზოგადოება, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებს გაეცნობა. ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე და მისი მოადგილე, ეთნოლოგი მირიან ხოსიტაშვილი დამთვალიერებლებს ორ თემას წარუდგენენ: თბილისი 1918-1921 წწ. და “დამოუკიდებლობა აღდგენილი თბილისის ქრონიკები”. 

“მედიაცენტრი მთავარი” ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, პროზაიკოს გიოგი კეკელიძეს ესაუბრა.

– პირველად როდის გაიგეთ სიტყვა “თბილისი”?

​- ​არც კი მახსოვს. მაგრამ ხუთი წლისამ კითხვის სწავლა რომ დავიწყე, პირველი ასოები სწორედ სიტყვა თბილისით ვისწავლე გაზეთ “თბილისიდან”. ახლაც მახსოვს იმ ასოების მოსაზულობა.

– თქვენი შეფასებით, როგორია თანამედროვე თბილისი და რამდენად მძიმეა ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქს დღეს აწუხებს?

-​ქალაქში ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი – ქაოტური მშენებლობები, საცობები, ეკოლოგიური სირთულეები. ამ ყველაფერს კომპლექსური და დეტალური მიდგომა სჭირდება. ვისურვებდი ახალ, გემოვნებიან ნაგებობებსაც, მაინცა და მაინც ქალაქის ცენტრში არა.

– სად ამჯობინებთ ცხოვრებას?

​რადგან ჩემი მოღვაწეობის ძირითადი ველი ამ ქალაქშია უკვე იმაზე მეტი წელია, ვიდრე თუნდაც გურიაში მიცხოვრია, ცხადია ამ ეტაპზე ჩემი არჩევანი თბილისია.

– თავად ოზურგეთელი ხართ და ყოველთვის ცდილობთ ეს წინა პლანზე წამოწიოთ, რატომ?

​- ​ვფიქრობ ნებისმიერ პატარა ქალაქს აქვს საკუთარი ხიბლი და ჩვენ ხალხს, ვისაც იქ ბავშვობა გაგვიტარებია, ვალდებულება გვაქვს, მათ შესახებ სხვასაც მოვუთხროთ

– რას არის პროვინციონალიზმი და აწუხებს თუ არა ეს პრობლემა თბილისს?​

​ერთხელ დავწერე ამ საკითხზე და გავიმეორებ: “ჩამოთრეულები წაეთრიონ” და პასუხად: “თბილისელი მხოლოდ ხოხობი იყო” (ვინმემ რომ გვითხრას სხვა პლანეტიდან – “დედამიწელები მარტო ვენდობიონტები იყვნენ, ძმაო, 550 მილიონი წლის წინ”) – ერთი და იგივე კომპლექსის ორი გამოხატულებაა. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არ მგონია “ჩამოსულების” ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების “ჩამოსულობის” მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო. არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება – არც ის ადგილი მგონია რამეზე ნაკლები. ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები”

– თუ აპირებთ თბილისს მიუძღვნათ ნაწარმოები?​

​- ​ვფიქრობ ჩემი მომავალი რომანების ძირითადი თემები მათ შორის თბილისსაც დაუკავშირდება.

– როგორ ემზადება ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისობის დღესასწაულისთვის?

​ჩვენი, მათ შორის თქვენი დიდი მეცადინეობით, წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს, რაც კაგრად წარმოაჩენს ქალაქის არსს, რომელიც ადამიანებთან და კულტურასთანაა დაკავშირებული და არა მხოლოდ კულინარიასთან

– როგორია თქვენი თბილისი?

– ჩემი თბილისი მრავალფეროვანია და არა ჭრელი.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები