აზეულას ციხესიმაგრის ინფრასტრუქტურა ტურისტული მარშრუტისთვის მოწესრიგდა

თბილისის მთაწმინდის რაიონში, კერძოდ, კოჯორში არსებულ აზეულას ციხესიმაგრეზე, მხატვრული განათების სისტემა მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა იუნკერთა მემორიალს და ციხეზე ასასვლელ ლითონის კიბეს. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გარემონტდა ციხესთან  მისასვლელი გზა, განთავსდა გზის მანიშნებელი ნიშნები და საინფორმაციო დაფები. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა ლედ სანათები. ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა.

პროექტი ბიუჯეტიან 200 000 ლარით დაფინანსდა. ის მთაწმინდის რაიონის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას  თბილისის მერის  მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად დაესწრო.

ირაკლი ბენდელიანის აზრით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი პროექტები უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ქვეყანას და მის დედაქალაქს უცხოელი სტუმრებისთვის.

თბილისიდან სამხრეთით ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე, აზეულას, ანუ ქოროღლის ციხესიმაგრე  IX საუკუნეში აუგიათ.  ციხეს ძველად აგარათა ციხე ერქვა, გამომდინარე იქიდან, რომ  წავკისს, შინდისს, ტაბახმელას, კოჯორს წარსულში აგარები ერქვა. აგარებზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა გადიოდა.

როგორც ყველა ქართული ისტორიული ციხე-სიმაგრე კოჯრის ციხეც მრავალი შემოსევის და დარბევის მომსწრეა. იგი 1113 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო. 1123 წელს დავით აღმაშენებელმა ეს ციხე ორბელს უწყალობა. 1177წ. ქოროღლის ციხე დემნა ბატონიშვილის და იოანე ორბელის შეთქმულების ბუდე იყო.
გადმოცემის მიხედვით ამ ციხეში გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფეც.

კოჯრის ციხეს უკავშირდება საქართველოს იტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტიც, სწორედ მის მიდამოებში იყო უკანასკნელი ბრძოლები 1921 წელს, რუსეთის მეთერთმეტე არმიასა და ქართველ იუნკერებს შორის.  1989 წლამდე ქოროღლის ციხესთან დიდი ლოდი იდო, რომელზეც საქართველოში რუსეთის 11 არმიიის შემოსვლა იყო აღბეჭდილი, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ ქართველმა ახალგაზრდებმა ეს ქვა ღრმა ხევში გადააგორეს.

წყარო:  novators.ge

მსგავსი თემები