„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო“ – ლევან რატიანი გარდაცვილ ექთანზე

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილ ექთანთან დაკავშირებით, ლევან რატიანმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონდა და მისი  PCR ტესტის პასუხიც უარყოფითი იყო.

ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ექთანი თბილისში გადაყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„ეს თემა არის ძალიან მტკივნეული, რადგან პანდემიის პირობებში დაიღუპა. ახალგაზრდა მედპერსონალი ვაქცინაციის შედეგად სავარაუდოდ გამოწვეულმა სხვადასხვა პრობლემებმა მიიყვანა სიკვდილამდე. ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც.  ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო. დაფიქსირდა სამწუხაროდ, ბიოლოგიური სიკვდილი რამდენიმე საათში. ასევე მინდა განვმარტო, რომ პაციენტს რამდენიმე საათში ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც იმას მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს. ასევე ელექტროკარდიოგრამაზე ფიქსირდებოდა გულისცემის სიხშირე და რიტმი. რაც შეეხება მითქმა-მოთქმას სოციალურ ქსელებში, ჰქონდა თუ არა პაციენტს ანემია – პაციენტს ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით არცერთ კვლევაში ანემია არ დასტურდება. ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რადგან ჩვენ ვართ კლინიცისტები, მას კლინიკაში შემოყვანისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი – „ჯინ ექსპერტი“ კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩატარებული კვლევით ტესტი იყო ნეგატიური“, – განმარტა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი მზადაა, გარდაცვლილი ექიმის, მეგი ბაქრაძის გამოძიების საქმეში მოწმის სახით ჩაერთოს და გამოძიებას ჩვენებაც მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ როდესაც მეგი ბაქრაძე ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.   

მსგავსი თემები