თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. გზების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.
“რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე და აქვე განმარტავს, რომ გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ძირითადი, რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია.
მისივე ინფორმაციით, რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავასა და შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ ლოკაციებზე კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს გზაგამყოფების მოწყობას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების რჩევით კეთდება. მოეწყობა ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები, ახალი ბორდიური, საფეხმავლო და ველობილიკები, გარეგანათების სისტემა. ასევე, ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ განთავსდება.
თბილისის მერი მადლობას უხდის კომპანიებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობდა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე. ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოების ატანა უწევდა.
“მადლობას ვუხდი საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც საპატრულო პოლიციის მეშვეობით მაქსიმალურად გვეხმარებოდა მოძრაობის დარეგულირებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენს დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადაადგილება კომფორტული, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და ქალაქი კეთილმოწყობილი იყოს”, – აცხადებს თბილისის მერი.