პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე კანაფის ინდუსტიასთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და მოსახლეობასთან კონსულტაციების პირობას იძლევა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საპატრიარქოს დათმობებზე წასვლა არ მოუწევს.
„საზოგადოების ინტერესებშია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეკლესია. ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ამ საკითხის რეგულირების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გვეჩქარება მხოლოდ პირველ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოხმარებასთან“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა: „აშკარად ჩანს, რომ მეორე ნაწილში, კერძოდ, მცენარე კანაფის წარმოების საკითხში, საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, სპეკულაციები. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ინფორმირებაზე და საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს სფერო. გვქონდა შეხვედრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება. სხვა რამე წერია კანონპროექტში, საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებს სულ სხვა ინფორმაცია აქვთ.“