ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არ უნდა გამოვკეტოთ სტაციონარებში – აკაკი ზოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, ის თუ როგორ ექცევა სახელმწიფო ფსიქიკური პრობლემების მქონე თავის პაციენტებს, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს, პრესტიჟს, არის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად განვითარებულია ქვეყანა და იცავენ თუ არა იქ ადამიანის უფლებებს.

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა, დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეტაპები, აგრეთვე ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ჭრილში, 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც 2015 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ჯანმრთელობის დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის თქმით, ფსიქიკური ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თუ სამედიცინო პერსონალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ კუთხით, მან ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ როლი აღნიშნა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ხორციელდება პროექტი – “ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმის შექმნა“.

” საჭიროა მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პრობლემების პაციენტებთან ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ და ეს არ უნდა იყოს XX და შუა საუკუნეების დროს დანერგილი დოგმები, როდესაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები გამოკეტილნი იყვნენ სტანციონარებში. ის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტს, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს  ქვეყნის იმიჯს, პრესტიჟს და ეს არის იმის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი, რამდენად განვითარებულია ქვეყანა და რამდენად იცავენ იქ ადამიანის უფლებებს”, – აცხადებს დეპუტატი.

შეხვედრაზე განიხილეს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტალგარე ისეთი სათემო სერვისები უნდა განვითარდეს, როგორიც არის რეზიდენტული და საცხოვრისებიფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, ასევე, იმსჯელეს სამომავლოდ ფსიქიკური ჯანდაცვის დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროცესის დაჩქარებისთვის საჭირო ინტერვენციებზე, სათემო სერვისების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, აგრეთვე, 2019 წელს განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებზე.

აკაკი ზოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა მჭიდროდ დაუკავშირდეს დღევანდელ რეალობას. ის სამუშაო ჯგუფს მხარდაჭერას მომავალშიც დაჰპირდა.

მსგავსი თემები