ტელეკომპანია “იბერიას” გარშემო ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ზაზა ოქუაშვილის საქციელს ულამაზო უწოდა.
პრემიერის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება მედია პლურალიზმის დამკვიდრებაა, ხოლო საგადასახადო კომპონენტი, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, არის განსხვავებული ასპექტი. არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას.
როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენი ვერ იხდის გადასახადებს, სახელმწიფო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და მისცეს მას კომფორტული გადახდის გეგმა.
“ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დაცული იყოს მედია პლურალიზმი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება. ჩვენ ვართ ყველა მეწარმის გვერდით, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დაასაქმებს და ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. მე პირადად გამოვხატავ სიმპათიას ყველა მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, სახელმწიფო ყოველთვის არის მოწადინებული იმაზე, რომ კომერციულ საქმიანობას დაუდგეს გვერდით, თუ ვერ იხდის გადასახადებს, მისცეს მას ისეთი კომფორტული გადახდის გეგმა, რომ შენარჩუნებული იქნას საწარმო, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ამის დემონსტრირება მოახდინა. შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ის გადასახადები, რაც ასეთ დროს ხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელები ხელისუფლებას არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.
ფინანსთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ“-ის, 51 მლნ 717 ათასი ლარის საგადასახადო დავალიანება ერიცხება, რომლის ძირითადი ნაწილი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობის შედეგად დაგროვდა. თანხის გადაუხდელობის გამო, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.