ტვ “პირველი” ბრძოლას ევროპულ სასამართლოშიც არ გამორიცხავს

ტელეკომპანია „პირველთან“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ტელეკომპანიას მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები და აცხადებენ რომ ბოლომდე იბრძოლებენ.

პარალელურად, სპეციალური განცხადება გააკეთა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ და გადაცემის წამყვანებმა და აღნიშნეს, რომ მაუწყებლობას ვერავინ ჩააქრობს.

როგორც ტელეკომპანიის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ქვეყნის მასშტაბით გასაჩივრება საკმარისი არ იქნება, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.

„დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტელეკომპანია „ტვ პირველს“ გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებისმიერ დროს განახორციელონ „ტვ პირველში“ იმ ნივთის ამოღება, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელევიზია ამის გადაცემას არ აპირებს. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც ჩანაწერის შინაარსი არ აინტერესებს. განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები