“საქართველოს წინაშე თქვას, ვინ შეიყვანა ამხელა ჩიხში, ამხელა შეცდომაში, რომ უდანაშაულო მამაო უმოწყალოდ სცემოს” – ანანია კალანდია

დიაკვანი ანანია კალანდიას დაკითხვა ჯერ დიდი ჭყონის, შემდეგ კი მარტვილის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, მხოლოდ ის სურს, რომ ადამიანმა, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შენდობა ითხოვოს. ამ დრომდე სალხინოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე არავინ დაუკავებიათ.

მარტვილის პოლიციის განყოფილებაში დაპირისპირებაში მონაწილე პირებისა და თვითმხილველების ნაწილი უკვე გამოიკითხა. მათ შორის იყო, დიაკვანი ანანია კალანდიაც, რომელიც მისივე თქმით, ერთ-ერთი დაზარალებულია. თუმცა მომხდარის რამდენიმე თვითმხილველი დაპირისპირების პროვოცირებაში სწორედ მას ადანაშაულებს.

გამოძიება ძალადობას მუხლით მიმდინარეობს. ბზობის საზეიმო აღნიშვნა სალხინოში ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გუშინ გადაიზარდა. ნაცემია რამდენიმე სასულიერო პირი – ერთს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ მრევლსაც. ვითარების განმუხტვა ვერც პოლიციამ შეძლო.

“წამიყვანეს იქ, იმიტომ რომ პირადად მინდოდა შეხვედრა იმ პიროვნებასთან, რომელმაც მე ხელი დამარტყა. არავის დასჯას არ ვითხოვ, ოღონდ თვითონ გამოვიდეს და ჟურნალისტების წინაშე , საქართველოს წინაშე თქვას, ვინ შეიყვანა ამხელა ჩიხში, ამხელა შეცდომაში, რომ უდანაშაულო მამაო უმოწყალოდ სცემოს. მაგრამ დღეს არ შედგა ჩვენი შეხვედრა და როდის იქნება არ ვიცი,” – აცხადებს ანანია კალანდია.

მსგავსი თემები