საარჩევნო რეფორმის პირველადი ვერსია მზად არის და მისი პარლამენტში ინიცირება დღეისთვის იგეგმება.
მმართველი გუნდი კანონპროექტის ოდირისთვის გაგზავნასაც გეგმავს, მიღებული დასკვნის შემდეგ კი ცვლილებების პროექტის დამტკიცებას მაისში აპირებს.
“ჩვენ უკვე მზად ვართ ეს კანონპროექტი დავაინიციროთ. სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. ძალიან საინტერესო და ფუნდამენტური ცვლილებებია საარჩევნო რეფორმაში. კიდევ გვექნება 2 თვიანი ვადა საპარლამენტო განხილვებისთვის და რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება კანონპროექტი კიდევ უფრო დაიხვეწოს.
ასევე, ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული კანონპროექტი გავაგზავნოთ ოდირში დასკვნისთვის და ამის საფუძველზე უკვე მაისში მივიღებთ ცვლილებების პროექტს,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი.
საარჩევნო სისტემაში ცვლილებები “მოქალაქეებსა” და მმართველ გუნდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდა.
“მემორანდუმით გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნა ამ კანონპროექტში არის ასახული. შემოგვაქვს მთვლელი მანქანები, იქნება თითის ანაბეჭდები, ლაივ სტრიმი და ყველა პარტიას ეყოლება თავისი წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,” – აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.
პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციისა და თავმჯდომარის შერჩევის წესის შეცვლას, კიდევ უფრო მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველზე ზეწოლის მაქსიმალურად თავიდან აცილებას. ცვლილებებზე მსჯელობისთვის პარლამენტში ორთვიანი ვადაა გათვალისწინებული. მისი კენჭისყრა უკვე მაისში იგეგმება