შინაგან საქმეთა სამინისტრომ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.